ცა იღრუბლება, მოდის...
23
სექ
2026
ტერენტი გრანელი
ცა იღრუბლება, მოდის ავდარი,
მე დამაქვს სევდა ჩვენი პლანეტის.
ასე გავიდა მთელი ზამთარი,
ასე შეგვძულდა ჩვენ ერთმანეთი.
ახლა ფოთლების გუნდი შრიალებს
და წვიმას უნდა ცრემლი დანამოს.
მე დღეს იმდენი ვიხეტიალე,
უკვე დაღლილი ვხვდები საღამოს.
ახლა იქ მიდის ლამაზი ქალი,
სადაც გაისმის ზარების გლოვა.
ჰა, საღამოა და ჩემი თვალი
უფრო მწუხარე და უძილოა.