ცაცხვი ზღვის პირად
18
ოქტ
2026
გალაკტიონ ტაბიძე
ცაცხვი ზღვის პირად
წვიმით ოდეს შრიალია ცაცხვისა
მიზეზისა გამო სხვისა და სხვისა,
წვიმით ოდეს შრიალია ცაცხვისა,
გქონდეს სული მისი ზეცის და ზღვისა.
ცაცხვქვეშ ვხედავ ორ მხიარულ დაიკოს,
მათგან უფროსს შორით ვიცნობ: მაიკოს.
ცაცხვის ტოტით მისწვდა ჭიამაია,
ცაცხვის ტოტებს ცეკვა აქვთ - სამაია.
ბავშვი იჭერს: “მითხარ, ჭიამაია,
რომელ მხარეს გათხოვდება მაია?”
ბავშვის სახე აღტაცებით გაბრწყინდა,
როცა მწერი ლურჯი ზღვისკენ გაფრინდა;
ზღვისკენ, სადაც ტალღა არ მოდუნდება,
სადაც გემი შორი გზიდან ბრუნდება!