ცელქები
22
აპრ
2025
შიო მღვიმელი
შეხეთ ცელქებს, როგორ ჩუმად
მიჰპარვიან მაწვნის ქილას;
ყური უგდეთ, რა ხალისით
ეუბნება ვანო ილას:
-ამოვუსვათ, ამოვტვლიპოთ,
რას გაგვიგებს ბებიაო!
შემდეგ მურით მოვითხუპნოთ
ცხვირ-პირი და ყბებიაო.
თუ ფისუას დააბრალებს,
რა სეირი იქნებაო!
ჩვენ რომ არა შეგვატყონ რა,
შენ ნუ გაგეცინებაო!