უდაბნო
უდაბნო
ავტორი: მიხეილ თუმანიშვილი.
ვის არ გიხილავთ უდაბნო ბნელი,
სად თვალნი მზისა შუქსა ვერ სკვრეტენ,
სადა ვერანად მოჩანს ყოველი
და ქარიშხალი ხმიანობს ოდენ?
ვის არ გიხილავსთ იქა ხე, მწარედ
გულჩამომწვარი ციურის ცეცხლით
და მაღალს კლდეზედ მარტოდ, მწუხარედ
გარდმოკიდული დამჭკნარ შტოებით!
ეს არს, მოყვასნო, გლახ ჩემი ბედი!
მეც ეგრეთ ვიქმენ დღე განამწარი;
ვერღა მეახლოს ტკბილი იმედი,
ვერღა აღუყვავდეს მით გული მჭკნარი.
1838 წ.