უწყლავსა ჭირსა
13
ოქტ
2025
ბესარიონ გაბაშვილი
უწყლავსა ჭირსა მალვასა,
სევდისა ოხვრის კრძალვასა
სურვილი შესჭრის, ღონებსა
შეხედმა ტანად ალვასა!
ვემონე ტურფათა ხალთა,
ბაგენი ღაწვნისა ლალთა;
მხედველნი მის შუქთ ალთა,
მით ბროლნი ლალნი ელვას[ა]!
კეკლუცსა შვენის შემკობა,
კიპაროზ ტანზე გაწყობა,
ნაზი ქცემით მისი გრძნობა
ფიანდაზ შლილსა ხილვასა!
პირ ბადრსა ხალნი ჰფეროდეს,
ჭვრეტითა მით ვძლო მე როდეს?
ბესიკიც ტკბილად მღეროდეს,
მამცემს საკმარის ბრალვასა...