ვიწყებ ლექსის ...
12
აგვ
2026
ტერენტი გრანელი
ვიწყებ ლექსის წერას
და ვხურავ ბლოკის წიგნს.
მე ოთახში ვწევარ
და გარეთ ნელა წვიმს.
მზე ბრწყინავდა გუშინ
და მიწა ეგდო ძირს.
და წამებულ გულში
საღამოს დარდი ზის.
ეს ფიქრია ჩემი,
მებრძვი ამნაირ დროს.
და მწყურია გემით
წავიდე სადმე შორს.
აქ მტრებია ირგვლივ,
იქ შორეული ხე.
მოვა თეთრი ფიფქი
და სიხარულის დღე.
მღუპავს ბედისწერა,
ქარიშხალია წინ.
მე ოთახში ვწევარ
და გარეთ ნელა წვიმს.