ზეცა მწყურია და მიწა მშია ..
21
მაი
2026
ტერენტი გრანელი
ზეცა მწყურია და მიწა მშია,
ვფიქრობ გაწყვეტილ სიმზე.
ვიცი ეს კაცი მე შემეჩვია
და იჭვის თვალით მიმზერს.
ასეთი ფიქრი გუშინაც მახლდა,
ვფიქრობ სიცოცხლის აზრზე.
ხელდაკრეფილი მივდივარ ბაღთან,
მინდა გაფრენა ცაზე.
სხვა კაცი ასე არ ივლის,
ვფიქრობ შორეულ დაზე.
და შემიძლია, მკვდარივით
სადმე მინდორში დავწვე.
ზეცა მწყურია და მიწა მშია,
ვფიქრობ გაწყვეტილ სიმზე.
ვიცი, ეს კაცი მე შემეჩვია
და იჭვის თვალით მიმზერს.